მკიდინგ ვორლდ-ი

სადღაც ნისლიან ალბიონთან.

Folie du

ნაზი შესავლისთვის ზედმეტად ბნელა. ცაზე დაგვიანებით და ბოდიშების მოხდით ამოდის მთვარე, რომელსაც ყელზე მზის პომადა და სახეზე ასრულებელი ოცნების ფერი აქვს და გვისმენს ხეებით, ქარით და თითოეული იმ ჩრდილით, რომელიც ბუნდოვნად კვეთს ერთმანეთს ჩახუტებისას. ჩვენი თითოეული შეხება ხომ კარია ჩემთვის, რომელსაც გადავყავარ სამყაროში, სადაც შენი თმის სურნელისგან გამთბარ ჩაის სულ სხვა გემო აქვს. ჩვენი ოთახის ფანჯრიდან ჩანს ცაც, რომელსაც ეძინება მოწყენილობისგან და სიღარიბით დამშრალ ქალაქს დაჰყურებს, რომლის ქუჩებშიც ერთადერთი ხარ, ვისთვისაც ალბათ არასდროს გამიჭირდება ბოდიშის მოხდა. რატომ? ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ იმხელა ხარ, ერთ კიარა ორ ჩემ ცხოვრებასაც ეყოფოდი გასაფერადებლად. მოკლედ, მგონია რომ ვცხოვრობთ ფაქტობრივად მეჩვიდმეტე საუკუნეში, გრძნობების მიხედვით. აქ ჯერ არ გამოუგონიათ თანაგრძნობა, იმედი ან სითბო და მოდაში მხოლოდ ერთმანეთის დამცირებით გახარებაა. ჩვენ კი, ამ ჩვენ-ით შემოსილნი, დავდივართ მოხრილ ქუჩებში და თავს მანუელო კოსტასავით ამოვარდნილად ვგრძნობთ მასიდან, ისეთი შეგრძნება მაქვს სადაცაა მოსახვევიდან ზე მორეირაც გამოუხვევს, ცივი ვაკეირო. ეს ყველაფერი არის უაზრობა, იცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი ღრმა კიარადა სადღაც 69 სანტიმეტრიანი რწმენით, თუ რამეს იკიდებ, ბოლომდე უნდა გეკიდოს რა. თუმცა, ვისაც არ უყვარს, ის სიყვარულზეც არ საუბრობს ალბათ და შეუძლებელია არ გიყვარდეს, შეუძლებელია ეს მაშინ, როცა ყოველი განშორებისას გრძნობ, როგორ ცვივა შენი თითოეული დეტალი ძირს, უბრალოდ იშლები, შენი ნერვები, სითბო, გულის ცემა და ამოსუნთქვა ძირს ყრია და მერე შენი თავის ძირიდან აღება და მოგროვება რომ გჭირდება, რათა ახლიდან მოამზადო გაჩერება, მისი მოძრაობის შესაგებებლად.

crop

თუმცა, ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობდით. ხანდახან მგონია, რომ შენი თითოეული ჩასუნთქვით ჩემ ფილტვებს აწვდი ჰაერს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც ქარი სახეს გვტკენს. ანუ, უნდა ვაღიაროთ, რომ მენტალურადაც საკმაოდ ბნელა და აქ მხოლოდ წვიმაა ერთგული, რომლის ქვეშაც ერთმანეთთან ერთი სიჩუმის გაწვდენაზე დგანან არასწორი სიტყვები გვერდიგვერდ და ყველაფერი უკვე ცალმხრივად იზომება ფსევდო-ფილოსოფიურ ამოსუნთქვებს შორის. მე კი ამ გალუმპულ ძილს ვიზოგავ რომ ჩემ მკლავებში ჩაწოლისას, ცოტა შენც შეგხვდეს და არ გავიშალოთ. თუ ჩამეძიებიან, ხმამაღალი ჩურჩულით ვაღიარებ რომ მე მხოლოდ იმ ძალის მწამს, რომელმაც შენი აბსტრაქცია გამორიყა ჩემ დღეებში და ეს ყველაფერი თბილისის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასვლის დროში მოასწრო. ასერომ, სულ მალე ცხრამეტი გაზაფხული შემისრულდება და მზისფერს რომ შემოგხედავ, ვიგრძნობ რომ ღირდა აქამდე მოსვლა. აქამდე, ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ზიხარ და წითელი კალმით მისწორებ ყველა ხარვეზს ცხოვრებაში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ სანამ შენს საყელოსა და ყელს შუა ჩაღვრილი ჩემი სუნთქვა მოგეჩვენება ისეთივე თბილად, როგორიც შენი თმის სურნელით გამთბარი ჩაია, მანამდე გავამხნევებთ ამ მთვარეს, რომ ამოვიდეს ხოლმე და გაანათოს ეს არგასანათებელი ქალაქი.

Advertisements

38 და 2 ხაზი.

ჩემი ოთახიდან შენს ოთახამდე.

ოთახამდე, რომელშიც წვეთავს

ფანჯრიდან შენამდე და.

პირიქით.

მოდი ერთხელ ჩვენ გავიღოთ და ფანჯრები გადახტნენ.

თითქოს ათასჯერ დავიწყეთ ნულიდან, მაგრამ ერთამდე ვერასდროს გავგრძელდით.

გვერდით კედელზე ჩამოკიდებულ დიდ ბრიტანეთის დროშას უკვე იმდენი აკორდი მიემატა, მაგრამ შენზე ფიქრით ვერ ვამთავრებ

სულ კარგად რომ იქნები (ეს ისე მარტივად რთულია) დაგიკრავ.

მკითხე მიყვარხარ თუარა

იცი

შენი თმა მიყვარს, ცივი კულულებით, რომლებსაც მზის ამოსვლის ფერი აქვს და.

შენი ხმა მიყვარს, ძილის და ტირილის საერთო ვერლიბრი

და შენი თვალები, ტუჩები და შენი მთვარე, რომელიც ჩემი ღამის ტყუპია.

იცი? მეგონა დაკვრა ვიცოდი, შენკი, ხელოვნება ნაცრისფერი შთაგონებით შემიშალე და ცხრათვიანი შემოდგომა დამმართე.   აქ ხატია გული.

წევხარ ახლა, ლავიწით ჩემსკენ და ცხელი ჩაი გინდა,  გულით ლიმნიანი

იმიტომ რომ, ისეთი წვიმიანი ხარ, მზე გადამაყვარე, როგორც მობეზრდა პარისზს ეიფელი და.

არ დაიძინო რა ჯერ, შენი კაპრიზებით სავსე ხასიათი დაიმორჩილე
თოვლამდე მაინც.
თოვლში თბილა.
აღარ მინდა რომ
გაცივდე
გამიცივდე
ბავშვო.

ხეებს მოვენატრეთ.

დღეს ყველანი ულტრა-ჰიპსტერ-მოდერნ ლექსში ვცხოვრობთ. ეს ლექსი ისეთი ღრმაა, რომ დღეში რამდენჯერმე ვიხრჩობით, თუმცა ზოგიერთებს “მესამყაროების” გარეშე ცხოვრება მაინც არ შეუძლიათ. ასე ინგრევა ზღვის გადაცურვის ილუზია ყოველდღე, თითო თითო პატარა ნატეხით. ეს მზეც, ისე ამაყად აიასამნისფრებს ჰორიზონტს,  თითქოს უკვე გადაიხადა ამ თვის შუქის, გაზის და ინტერნეტის დავალიანება. ზოგიერთის აზრით, ეს ყველაფერი არასტერილური ღიმილით მოსიარულე ადამიანების ბრალია, რომლებიც არასაჭირო ცოდნით სავსე ხალხის გარემოცვას ქმნიან. თუმცა, ჩემი აზრით ყველაფრის უსათაუროდ დატოვების ალეგორიაა ეს ყოფა და მეტი არაფერი. მაგრამ ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც ქარი სახეს გვტკენს.

მაგიდაზე შემორჩენილ წინადღის ლუდის არსებობაში უფრო მეტი მოგონება და რეალობა იგრძნობა, ვიდრე ფანჯარაზე შემოკერებულ ქალაქში. მგონი მართლაც პიროვნული ბრძოლების გასხივოსნებაა ეს ცხოვრება. თავისუფლად შეგვიძლია ასე ვიფიქროთ, თუკი არაფრად ჩავთვლით რეალურ მიზეზებს. აი იმათ, ყველა რომ ასეთი გამალებით გაურბის. რაღაც კურსების დაცემა, სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებული არაკომპეტენტური ადამიანებით სავსე სახლი და მსგავი პრობლემები არავის ახსოვს. არა, აქ ყველას ურჩევნია იმაზე იმსჯელოს, თუ როგორ მოწყენილად გამოიყურება მზე, რომელიც ამ სიღარიბით დამშრალ ქალაქს დაჰყურებს. მოკლედ, ვცხოვრობთ ფაქტობრივად მეჩვიდმეტე საუკუნეში, გრძნობების მიხედვით. აქ ჯერ არ გამოუგონიათ თანაგრძნობა, იმედი ან სითბო და ამიტომაც მოდაში მხოლოდ ერთმანეთის დამცირებით გახარებაა. ყველა ნორმალური ადამიანი ამ მოხრილ ქუჩებში სიარულისას თავს მანუელო კოსტასავით ამოვარდნილად გრძნობს.

ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ღია კარის წინ დგომას. გასვლაც ისეთივე ადვილია, როგორც შემოსვლა. ერთი განსხვავებით. აქ ყველას კარის მიხურვა ურჩევნია და ქალაქში მოსული თოვლიც მგონი უკვე თვითონ იტალახებს თავს. სხვანაირად მას უკვე აღარ აღიქვავენ ნამდვილ თოვლად. ამ ყავისფერ მასაზეც სიბეტონეა გაბატონებული. დიახ, აქ ხომ სივრცეში კორპუსის ხარბად ჩატენვა ჩაიში ლიმნის ჩადებაზე გემრიელი გახდა უკვე. მართლა, მართლა ძალიან ვცდილობთ ეს ყველაფერი სიყვარულის კონცენტრირებულ გამოვლინებად  შევნიღბოთ. თუმცა, ეს გრძნობაც ლამაზი, ცამდე აწოლილი მწვანე ხეებისავით იშვიათია უკვე. მუცელში დარგული პეპლებიც უკვე თავისქალაში ამოიზარდნენ, რადგან მათი გარეთ გამოშვება მასისგან გარიყვას უდრის. განუმეორებლად უარყოფილია მიზანსცენა, რომლის მიხედვითაც, ლიმნიან ფინჯანს ჩაისთან ერთად ნათელი მომავლითაც აავსებ.

ეს მთვარეც რამდენიმე მშვიდი ღამის სამყოფიღა დარჩა და მალე დაგვეღვრება თავზე. ხანდახან მომნუსხველიც კია როგორც მენტალურად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით შავი ქალაქის ყურება ფანჯრიდან. სუსხიან საღამოს ხომ ყველა 40 თეთრიანი ყავისკენ მიისწრაფვის მართლაც, ან ერთმანეთისკენ, ანდა 40 თეთრიანი ყავით ხელში მდგარი ერთმანეთისკენ. დიახ. ფრთხილად, ქარში მოსალოდნელია სიყვარულიც. რაარის სითბო, თუარა ეს. ამ სამყაროს სჭირს ტიტანიკი, სჭირს 11 სექტემბერი და ყველაფერი ერთად, რადგან წარსულს კარი არაქვს, ვერ გამოხვალ მისგან. თუმცა, ჩვენ ხომ სხვის წარსულშიც ვარსებობთ და მომავალსაც ვქმნით მათთან ერთად.

მორჩა. ხდება ხოლმე.

Redemption

4 წუთი. წყნარი სიმაღლე გვჭირდება, მზის ბოლო გაბრძოლებით განათებული სახურავი ან სულაც შენი მარცხენა ლავიწი, რომელსაც მივეკედლებით და დავძლევთ მე-ს და შენ-ს შორის მანძილს. ანუ ვმდგომარეობთ ერთად, კარის პირისპირ და გასვლაც ისეთივე ადვილია, როგორც თბილისში მოსული თოვლის ტალახად ქცევა, მაგრამ ერთმანეთიდან გასვლა არ გვინდა. აღარ. გამომყევი, ერთად გვაქვს სასიარულო ბევრი, ხეებს მოვენატრეთ და დაე დავურღვიოთ სიმშვიდე ჩვენი დახრილი სიცილით, რომელსაც მუდამ თან სდევს იმის შეგრძნება, რომ ჩემი კანის ქვეშ სისხლის მაგივრად უკვე შენ ცხოვრობ და ეს ტყეც აღარ არის ტყე, ლამაზი ცამდე აწოლილი მწვანე ხეებით. გამოფხიზლდი, ეს უბრალოდ ახალაშენებული ბეტონის კორპუსების ხროვაა, რომლებსაც ასე ხარბად დგავენ უკვე ჩვენ უბნებს შორის, რათა ხედი წაშალონ და ფრენის არეალი შეგვიზღუდონ. 3 წუთი. მგუდავს ასეთი ვითარება, ბევრჯერ ვეცადე გამეგრილებინა ჩემი ოთახი, ოდნავ მაინც, გავაღე ყველა ფანჯარა, მაგრამ ალბათ ვერაფერი გააციებს იმ სივრცეს, სადაც შენ წარმოებ ასე დიადად და განაგებ თითოეული სიჩუმის წამს ჩემ ამოსუნთქვებს შორის. ალბათ აქამდე არმითქვამს, მაგრამ ლიმონზე მეტად უხდები ჩაის და შენით გამთბარ ოთახში ჩაის ფინჯნის თანხლებით საუბარი, რომელშიც სურნელოვან სითხესთან ერთად სიყვარულის კონცენტრირებული გამოვლინებაც ირხევა, თავისდაუნებურად გვხდის უფრო ყოფითს, ვიდრე ხვალ. სითბოში ხომ ყველაფერი უფრო ახლოა ვიდრე არასდროს. 2 წუთი. წვიმიანი დღე, როდესაც ქარს შენი ხმა აქვს, როდესაც თითოეული გამოხედვა იმის მანიშნებელია, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით და ჩვენი არცერთი შეხვედრა აღარ იქნება უკანასკნელი. გახადე ჩემი სუნთქვა უფრო ფანჯრიანი, რადგან უკვე სულსაც მისველებს წვიმიანი დღე, როდესაც ქარს შენი ხმა აქვს. აი უკვე მერამდენედ ღრუბელს წამოვედე ოთახში, სადაც ცოტა საერთო ჰაერს ჩვენი ვერშეხების თითოეული წამი ავსებს და, ნუ გაუშვებ წვიმას გარეთ, უქუდოდ, არ გაგვიცივდეს. 1 წუთი. ჭიქაში ჩაი გამითავდა. ფინჯნის პროპორციულად თითებიც მიცივდება ნელნელა და უკვე ნათლად ვიაზრებ, რომ მხოლოდ იმიტომ მიღირს გაციება, რომ შენ გამათბო და აი, ბოლო წუთიც მიიწურა და შენი მატარებელი მოვიდა, რომელსაც უნდა გაყვე. მალე ისევ იქნება შენი შემდეგი გაჩერება – ჩემი ოთახი. სადაც კიდევ ჩაიცვავ ჩემს მაისურს, რომელიც აშკარად შენ უფრო გიხდება, ვიდრე მე და კიდევ გავითბობთ ხელებს – ერთი ჩაის ფინჯნით, რადგან ამ დროს  სიცივის ხარისხი შენი მარცხენა ლავიწის ქვეშ მფეთქავი გულის მსგავსია და ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ.

80 მილიონი წამი.

სიტყვა წამი, ალბათ ძალიან ცოტას შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ 80 მილიონ წამში, ანუ 925 დღეში, ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. თუმცა მთელმა ამ დრომ ყოველგვარი კისერში თოვლის ჩაყრის, სახურავზე მზის ამოსვლის ყურების და დალევის გარეშე შეიძლება გაიაროს და სულ რაღაც 2 გასეირნებით შემოიფარგლოს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევხედავთ ძალიან ხმამაღლა ერთმანეთს და მივხვდებით, რომ დროა საკუთარი ანარეკლები სასეირნოდ წავიყვანოთ. შენ შენი ჩრდილი დაამშვიდე, არავინ აღარ გიყვირებს რაფაზე ჩაის ჭიქით დატოვებული სველი წრის გამო, მაგრამ ისევ მოკლავენ ქალაქები ქალაქებს და ასე. კიდევ ბევრჯერ იქნება დილის 7ის ნახევარი და კიდევ ბევრჯერ ამოვა მზე ლამაზად, თუმცა ჩვენ უკვე დიდი ხანია დილაობით აღარ ვთენდებით და ჩვენი ფრთები აღარ ეხება ერთმანეთს. დიახ. სულ თექვსმეტი ცა რომც მქონდეს, თექვსმეტივეში აირეკლებოდა შენი სიცივისგან სველი სახე, რომელსაც ზამთრის ფერი აქვს და ამ ანარეკლშიც კი ნათლად გამოჩნდებოდა, რომ კალვადოსის არომატი მოდის შენი ნერვებიდან. მაგრამ მაინც, ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე მაღალი ხე ხარ, ბევრი ჩიტებით, ჩიტებით რომლებიც ერთი გაღიმების სამყოფ დროში უამრავი ქალაქის გადაფრენას მოასწრებენ. თითისწვერებზე მოსიარულე ღრუბლების ქვეშ გამართული საგა გრძელდება და მუცელში დარგული პეპლები უკვე თავისქალაში ამოიზარდნენ. ალბათ მათთვისაც უკვე ბევრი რამის არსებობა შეწყდა. ამ პერიოდში უკვე მესამედ, გაციების სეზონი მოვიდა. თითქოს აქამდე თბილი იყო ვინმე. ახლა ვზივარ, როგორც ჩიტის საძებნელად წასული გალიის თანამგზავრი და ვფიქრობ იმაზე, თუ რა ფერის იქნება ზღვა, რომლის ტალღების ხმაურსაც მომავალში ისევ ერთმანეთის გარეშე მოვუსმენთ. ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრის მოწმე გალაქტიონიც კი ვერ ჩაამატებდა ალბათ ასეთ სიტუაციაში რამე ფერად ელემენტს. სამწუხაროა, შენი წვიმის სიმაღლის რომ არ ავღმოჩნდი, მიუხედავად დიდი სურვილისა, ყველა ვერ იქნება ყველას ნაირი. თავში წითელი და ყვითელი ფოთლების წუილის ფონზე, მე მიწევს შენი გაზრდის ფაქტის დაშვება და ბოლო 21 წამის გახანგრძლივებასაც აზრი აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო წამების სიჩუმეს “ჩვენი” სიმღერების სასიამოვნო ჟღერადობა ურევია.  პერსპექტივებით სავსე ცხოვრებაში წარსულის გამოუყენებელი მომენტებისთვის დრო არ მოიძებნება და ეს უცნაური საგაც ამიტომ დამთავრდა. ყველაფერი წაშლილია, რათქმაუნდა აღდგენის პერსპექტივით, თუმცა არავინ გაკერებს იმ პერსონის იარლიყს, ვისაც ცხოვრებისეული პრიორიტეტები ეშლება და რამე არასწორს ჩაიდენს. განუმეორებლად უარყოფილია მთელი ეს მიზანსცენა, რომლის მიხედვითაც, ლიმნიან ფინჯანს ჩაისთან ერთად ხვალინდელი დღითაც აავსებ და ეს არის მთელი მომავალი.

 

 

ellegant

blue valentine

ისმის კითხვა – “ეს ყველაფერი ელეგანტურია?” და შენ პასუხობ, რომ დიახ, და ამ დიახ-ში შენ გულისხმობ ზამთრის ზღვას, მზის ამოსვლისას გაიასამნისფერებულ ცას, ტომ იორკის სოლოს, ლურჯ საღებავში ამოვლებულ ფუნჯს, კნუტის ვარდისფერ ცხვირს, ნაწვიმარ ქუჩას, ტყის შუაგულში გამეფებულ სიჩუმეს და ბოლოს, მე ვპასუხობ, რომ დიახ – და გგულისხმობ შენ, შენი გადამდები სიცილით და დახრილი სუნთქვით.

ეს კითხვა კი გაჩნდა იმიტომ, რომ ბავშვობა გაჩერდა. გაჩერდა და ყველა-ფერმა პრობლემების სახე მიიღო თითქოს და მგონი უკვე ამ ზაფხულმაც გაჭედა. სიცივეგამოცლილი ჰაერით სავსე ოთახის ფანჯარასთან ზის კატა. ალბათ გონებაში ქარგავს. თუმცა შენ ამისგან განსხვავებით, ფარდაზე ჩამოკიდება არ გჭირდება ყურადღების მისაქცევად. ზის კატა და ფიქრობს შენზე და ცდილობს გაიგოს რა გაქვს ისეთი, რის გამოც ჩემნაირ მელანქოლიით შეპყრობილ ადამიანს წვიმის მოსვლაზე უფრო მეტად შენი ნახვა უხარია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ გადღაბნილი სამყაროდან გავიქცეთ და სუნთვქით გამთბარ კარავს შევაფაროთ თავი, სადაც შენ კოშმარებს მე დავისიზმრებ. ამ პატარა სივრცეში ჰაერი იმდენად გამტყდარი იქნება, რომ ერთმანეთს ამოვეფარებით, როგორც სიცივეს. თუმცა კარვის გარეშეც, ერთმანეთის გარშემო ყოფნით ვუსმენთ იმ სამყაროს სიმღერებს, რომელიც არ გვინახავს და მინდა, რომ ჩემთვის მოტანილ ჩაის, ყოველთვის შენი არომატი ჰქონდეს. მოდი რა, ერთხელ ჩვენ გავიღოთ და ფანჯრები გადახტნენ. თუმცა არა, უფრო ელეგანტური იქნება თუ წავალ და ისევ ჩემით გადავხტები, იქნებ გადმოვშენდე. დიახ, ვიცი რომ სისულელეა. უაზრობაა ეს აზრი და მეტი არაფერი, მაგრამ ასე უნდა იყოს, რადგან ლამაზი მოლბერტის უკან უკვე ზედმეტად ბევრი შავი ნახატი დავმალეთ და დროა კიდევ ერთი ბოთლი რეალობის შეგრძნება შევუკვეთოთ. ბოლო დროს, რეალურობას მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა შენთან განშორების შემდეგ, აღმართზე ამოსვლისას ვხვდები რომ დაღმართი ვარ და შენთან მობრუნების სურვილი მიპყრობს, რათა გამათანაბრო.  ასეა, რასვიზავთ, ჩვენ ხომ ამ ცხოვრების გასაფერადებლად ელემენტარულად საღებავების ფული არგვაქვს და მოდი, ვიდგეთ უბრალოდ ერთი ქოლგის ქვეშ, წვიმის წვეთების ხმაურში ერთმანეთის სიჩუმეს ვუსმინოთ და დაველოდოთ, როდის დაგვეღვრება თავზე მთვარე, რომელიც ერთი ქალაქის სამყოფიღა დარჩა. მხოლოდ შენთან შეხება დარჩა იმ მომენტად, როდესაც ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ ჩანს მაგრამ მაინც, ჰეფიენდი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას გვიტოვებს. წვიმს. ჩემ ფლეილისტში რატომ მეორდები ჯერ კიდევ არ მესმის, იმედია შენი ქოლგის ქვეშ მაინც მაპოვნინებ პასუხს. ვზივართ მე და კატა წვიმით გარშემორტყმულ სახლში და ვხვდებით, რომ როდესაც შენზე ვფიქრობთ, მაგიდაზე გადაშლილი კინგი, შავი ყავა და უფრო მუქი ცაც კი ბედნიერების ფერს იღებენ.

იდეალურად.

იცი, ხანდახან არის შემთხვევაც, როდესაც ხურავ ლეპტოპს და ფანჯრიდან უყურებ როგორც მენტალურად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით შავ თბილისს, რომლის განათებაზე მთვარესაც კი ნერვები ეშლება უკვე. უყურებ და გექმნება წარმოდგენა, რომ ლამაზ ქალაქში ცხოვრობ, ლამპიონების შუქით განათებული ხედი და ღამის მომნუსხველი ცივი სუსხი ქმნის ამ არომატს. შემდეგ იწყება მზის ამოსვლა,  უყურებ და ფიქრობ, რომ აისი უფრო ლამაზია ვიდრე დაისი, მაგრამ ყოველი ახალი სხივი ნათლად გიმსხვრევს ილუზიას იმის შესახებ, რომ ლამაზ ქალაქში ცხოვრობ.

ხუჭავ თვალებს, მზის სხივები გითბობენ სახეს და ფონზე ჩართული რედიოჰედი ისევ გაგრძნობინებს თავს ლამაზი სამყაროს ცენტრად. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ადამიანური ურთიერთობების სასტიკი დეფიციტია, რამდენიმე წუთით მაინც გიხარია ახალი დღის გათენება პლანეტაზე, რომელსაც აშკარად უფრო მეტი შოკოლადი სჭირდება. მონდომებულად არჩევ ტანსაცმელს, თუმცა მაინც გიძნელდება იმ ფერების არჩევა, რომელიც გაწყალებულ ცხოვრებას მოუხდება, გულში კი მაინც გაქვს იმედი, რომ ჩვენ გადავცურავთ ზღვას.  საბოლოოდ ირგებ ყოველდღიურობის იერს, სულს კი ისევ შიშველს ტოვებ და გადიხარ სახლიდან, რომელიც ისეთი გემოვნებიანია, როგორც არასდროს.

გადიხარ ქუჩაში და არაერთი ნაბიჯი გჭირდება, რათა შეეგუო მიმავალი ხალხის ტემპს. აქ ხომ მოწყენილი სახით სიარულის მოდაა გამეფებული და ყოველდღე სულ უფრო და უფრო რადიკალურად მიდგომაა საჭირო, რათა ამას შეეგუო, ან უბრალოდ დაიკიდო და ეცადო, საჭიროზე მეტად არ გაიღიმო, რათა არ შეგეტყოს, რომ კარგად ხარ. ყურსასმენებში ბოლო ხმაზე უსმენ შენ საყვარელ კომპოზიციას, თუმცა მაინც გეშლება ნერვები, როდესაც ხედავ, თუ როგორ ანაგვიანებს ქუჩას შენს წინ მიმავალი საშუალო სტატისტიკური თბილისელი. თუმცა ითმენ, რადგან ყოველ ადამიანზე დასახარჯი ნერვები აღარ გაქვს. აქ ასეთი კანონია, ძველის დანგრევა ყველას მოსწონს, თუმცა ახლის აშენება არავის და უკვე ვეღარ ხვდები, ეს სითბოს მოკლებული ქალაქია შენთვის პატარა თუ უკვე დიდი ხარ. აგრძელებ გზას, სიმშრალის გამოფენას აწყდები თითოეული გამვლელის თვალებში და თანდათან უფრო მკაფიოდ აცნობიერებ, რომ მარიხუანაზე ბევრად ძლიერი რაღაც გჭირდება, რათა ამ ყველაფერს გაუძლო.

უფრთო ქუჩების ბოლოს აღწევ დანიშნულების ადგილს და ჩერდები, დგები ან უბრალოდ აგრძელებ არსებობას. ეს არსებობა კი იმით დაიწყო, რომ უამინდობის გამო გადაიდო ჩვენი მომავალი, რომელზეც ამ ჩვენ პასივ-აგრესივ აწმყოს ვამყარებდით. მას შემდეგ ერთი დიდი სანგარია მთელი ეს ქალაქი, რომელშიც სარკეებს ვემალებით და ვცდილობთ ეს ცხოვრება გადახვევის გარეშეც მორჩეს.

შენი ოთახისგან განსხვავებით, ამ ქალაქში სულიერი სიჩუმეა, მხოლოდ ერთი ფრაზა ისმის ჩურჩულით: Nomeni Patri, Et Fili, Spiritus Sancti ანუ სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

oh child child

Birds are free, Birds are true, Birds are blue, Sharing thy sky. Birds are far, Birds are high, Birds are wet in the rain, like you and I.
 

ხეზე ზის ორი ჩიტი, ერთი განსაკუთრებით. ანუ ეს ის მომენტია, როდესაც გგონია რომ საწოლის ირგვლივ მიმოფანტული სხვისი ტანსაცმელი მთლიანად წინა წელში დატოვე, მაგრამ მხოლოდ გგონია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩვენი ცხოვრება გადაიდო, უამინდობის გამო. თანაბარი ამინდია და მოდი გავისეირნოთ ამ უაზრო წარწერებით სავსე ქუჩებში, სადაც თითოეული ფრაზა, სტარბაქსის ჭიქაში ღიმილით ჩასხმულ ყავაზე უფრო მუქია, მაგრამ ჩვენ მაინც გვეღიმება. იშვიათად, მაგრამ მაინც და ისევ არარსებული კედლის ნგრევას ვაგრძელებთ. ენივეი, იდიოტობაა ეს ყველაფერი. დაგვავიწყდა რომ ყვირილის უფლება გვაქვს,  იქნებ ზღვა გაგვიხსნან, აქ სადმე ახლოს. შენი სიმაღლიდან გადმომხტარს გადარჩენა ხომ მინდა. ვენებმა გადაგვჭრეს და ბედნიერებამაც გამიარა. ეს არაფერია, მთავარია მთვარე არ გადმოვარდეს, ზედმეტად მაღლაა. ისედაც კაკტუსები გვათოვს. მზე უკვე მეეზოვემ თუარ გააღვიძა, ისე აღარ ამოვა და როცა სეირნობისგან გამთბარ ხელებს ჩამკიდებ, იქნება ყველაფერი ისე, როგორც გაზაფხულის რეპეტიციისას იყო? სიზმრების ციტატებს ვიზეპირებთ. ყველას თავის გვირგვინი აქვს, მაინც დაგიხურავ. საქანელაა ეს ცხოვრება, ჩამომიჯექი და ისევ ერთად ვიოცნებოთ გადაუღებელ წვიმებზე და საკუთარ პლანეტაზე, სადაც ღრუბლები თორმეტზე არ დაწვებიან დასაძინებლად. ნუ შეისწორებ თმას, იყოს. საათის წიკწიკის სიჩუმეში კიდევ ერთხელ მოვსვავ შენი ფინჯნიდან და გადაყლაპვისას მოფიქრებულ კომპლიმენტს გეტყვი მასზე, რათქმაუნდა გადაყლაპვის შემდეგ. ერთი დიდი სანგარია მთელი ეს ქალაქი. სარკეებს ვემალებით შიგნით. მათში ხომ ისედაც ჩვენგარდა ყველაფერი ჩანს, არარაობა ჩანს იქ მთლიანად და მხოლოდ. ცაში გაშვებული ფრანისავით მსუბუქი სიტყვებით უკვე აღარავინ საუბრობს აქ. მოდი ზღაპარი მოვყვეთ, იქნებ ყველა ბოროტ ჟირაფს დაეძინოს. ესეიგი, იყო და არა იყო რა, იყვნენ და მერე აღარ იყვნენ. მოვრჩი. ფრენის სურვილი დაგვტრიალებს თავზე და ოთხივე ფრთის ბუმბულიდან დასავლეთს გვაწვეთებს. ერთადერთი ნაპირი ხარ, რომელსაც ჩემი ოკეანე მიეკედლება და დაუჯერებს, მაგრამ მორფის კაფსულის თავისმომტვრევის სიჩქარით მფრინავი ჩიტი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როდის ამოვა ისეთი ყვითელი მზე რომ მეორე ჩიტი დაწვას. საკუთარ ფრთებს ჩამორჩენილ ჩიტებს ვგავართ როცა ცის სისველეს ვუარყოფთ. გაჩერდი, თითქმის მთლიანად შეიგრძენი დაცემის შიში, გაფრენამდე. იარსებე ისევ, ოღონდ ისე ნაზად , თითქოს ღრუბლებს უცვლი ადგილს. ირონიაში შემონახული გრძნობების მიხედვით, საკუთარ სახლზე მეტად სხვისი სახლის სახურავები გვიზიდავს. შეამოწმე, ხომ ისევ ძალიან მაგრად გიჭირავს ჩემი ხელი?. შეუწყვილე შენი ყავის ფინჯანი ჩემი ჩაის ფინჯანს და მიმიჩვიე ისევ, რომ ეს ცხოვრება გადახვევის გარეშეც მორჩეს და ისევ შევივსოთ. იმ ფილტვისავით, რომელსაც თავი გული ჰგონია.

 

Protected: წერო

This content is password protected. To view it please enter your password below:

რანდევუ

შესავლის მაგივრად: ჟირაფლენდში ვართ, ჩვენნაირი ქარი უბერავს და ყველა ჟირაფი მიყოლებით ეცემა. სექსუალურმა ამერიკელმა ისევ გადაკვეთა თბილისის რომელიღაც ქუჩა, ისევ, ყალბი ღიმილით. ამ ქალაქის ბოლოს, ან შუაში შემხვდი. იქ სადაც მხოლოდ ორი გზა კვეთს ერთმანეთს, მარცხნივ, ან მარცხნივ, სადაც ორივე მხარე სულერთია. პარალელური ქუჩის ადამიანები ეძებდნენ მიზეზებს არგაბოზებისთვის, მაგრამ ვერ იპოვეს. გაამხოლობითე. ის დედააფეთქებული მომენტი, როცა არიცი რაუნდა უთხრა. როცა გინდა რომ სულ ეხებოდე. ყველაფერი პროტესტია, ჩემი აზრითაც მე ვცდები. ერთმანეთის გარშემო ყოფნით ვუსმენთ იმ სამყაროს სიმღერებს, რომელიც არ გვინახავს. სანამ გადასაცური ზღვა ჯერ კიდევ გვაქვს, მივაღწიოთ ოკეანემდე. ეს ის დღე იქნება, როცა კატა სახურავიდან მთვარეზე მართლა ახტა.

კიდევ არსებობს ისეთი ბედნიერი წუთები როცა ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ გეჩვენება? ვჩერდებით. აივნის სიმაღლეა მთავარი თურმე და, სულთან ახლოს მყოფი რაღაცეების მოშორება. სისხლი კი არა წვრილი ხაზივით გავლებული ტკივილი მოდის, მოგყვება. საკუთარ სახლზე მეტად სხვისი სახლის სახურავები რატომ გვიყვარდა ამომიხსენი რა. ვერ მიხვდი? რამოხდა? ცხოვრება მოხდა. გაუაზრებელი ინსპირაციები რაღაც ძველის და ესთეტიკის მაქსიმუმი, მაგრამ მაინც ჰეფიენდი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს. ბევრ რამეს ტოვებ შენც, უფრო სწორად ვინმეს და მერე წვიმასავით თანდათან იმატებ. შემყევი ამ ქოლგის ქვეშ.  კარგია, მაგრამ სად ვნახო ეხლა ამდენი ქოლგა. აშკარაა რომ რაღაცეები შეცდომით გავხაზეთ. მხოლოდ ერთი ფაქტია სწორი, პიცა არასდროს არ გეტყვის რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არარის. მე გითხარი და ეხლა ეს თუგინდა ჩააკოპირე, ამოჭერი, გააფერადე და რაცგინდა.

– ღამეა, მხედავ? ვხტუნაობთ. ერთმანეთზე და ერთმანეთით. ორივეს საკუთარი სიჩუმეები გვაქვს და მაინც საერთო კონტექსტს ვურევთ, ან არ ვურევთ, ურევ. დალაგებას ვერცერთი ვერ ვიტანთ და ვერ ვიტან სიტყვა “სურნელს”, მაგრამ მაინც მჭირდება რომ ჩემთვის მოტანილ ჩაის შენი სურნელი ჰქონდეს, გათენებების და იმ დროის, როცა ყველაფერი შენი მიხედვით იყო. ჩემი არსებობის კრიზისი ხარ. უკვე უშენოდ ვსუნთქავ კიდეც, რავქნა, ამეკვიატა. როცა შენი ხმით ივსება ირგვლივ ყველაფერი, მე და შენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და მორჩა, მეტი აღარაფერი. მოდი, ისევ ვიჯდეთ ერთ ტაქსში თბილად.

%d bloggers like this: